22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მზიურის პარკში, გაიმართება ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ და დამოუკიდებელი ფოტოგრაფის, ლევან ქაშიბაძის პროექტის PHOTO SMOG პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ფოტოების სერიას და ინსტალაციას გარემოს დაბინძურებისა და ნარჩენების თემაზე.
პროექტის მიზანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, როგორ საფრთხეს ვუქმნით დედამიწას ყოვედღიურად. ზრუნვა და ფიქრი ამ პრობლემაზე საჭიროა ყოველ წუთს,თუმცა წელიწადში ერთხელ, 22 აპრილს, დედამიწის დღეს, ჩვენ შეგვიძლია, ერთად ვისაუბროთ ამ თემაზე ხმამაღლა და ერთმანეთს ვაჩვენოთ მაგალითი, თუ როგორ უნდა დავიცვათ დედამიწის სისუფთავე.
ღონისძიების ფარგლებში იგეგმება პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“ ფარგლებში ჩატარებული სასკოლო კონკურსის „ეკოგმირი“ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისის“ მიერ ინიცირებული, გარემოსდაცვით საკითხებზე შექმნილი ესეების კონკურსის გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება.
ღონისძიებას დაესწრებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, შვედეთის საელჩოსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია
ადგილი - მზიურის პარკი (ქვედა ნაწილი, ტბის მიმდებარე ტერიტორია)
საათი: 17:30-19:00
პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (“Keep Georgia Tidy” (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევარათა კავშირი „ორქისი“ (GSNE “Orchis”) და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“ (GMG/FoE-G), შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების მხარდაჭერით, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.
Comments